9 მოქალაქე საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობისას დააკავეს

21 ივლ 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე, უკანონოდ ცდილობდნენ თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.