20 ივლ 2026
აჭარის რეგიონი დამეგობრებულ ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას მასპინძლობს. პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მთავრობის წევრებთან და ქალაქ ბათუმის მერთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა, რეგიონებს შორის არსებული პარტნიორობის პრაქტიკული ნაწილი და ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა დონზე ურთიერთანაშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. ხაზი გაესვა პოლონეთის ტურისტულ ბაზარზე აჭარის პოპულარიზაციის მნიშვნელობას.
აღინიშნა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა სისტემატურად მონაწილეობს პოლონეთში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში, რაც რეგიონის ცნობადობის ზრდასა და პოლონეთიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვას უწყობს ხელს.
შეხვედრის ფარგლებში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უწყებების საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ არსებული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას, ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელებასა და რეგიონებს შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.