20 ივლ 2026
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გადასინჯვა მოხდება.
როგორც რცხილაძის ადვოკატი, ლაშა გოლუბიანი აცხადებს, დაცვის მხარე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს. მოითხოვს გაუქმებას, ან უფრო მსუბუქით - გირაოთი შეცვლას.
ცნობისთვის, გულბაათ რცხილაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა.
მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულს ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან კავშირს ედავებიან.
კერძოდ, გამოძიების მიხედვით, ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.