20 ივლ 2026
2026 წლის ივლისში სს „კაზტრანსოილის“ მფლობელობაში არსებულმა აქტივმა საქართველოში – ბათუმის ნავთობტერმინალმა, რვაწლიანი შესვენების შემდეგ საავიაციო ნავთის გადატვირთვა განაახლა და გახდა ევროპიდან ყაზახეთში საავიაციო საწვავის მიწოდების საკვანძო დასაყრდენი წერტილი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (შუა დერეფნით), – ამის შესახებ ნათქვამია ბათუმის ნავთობტერმინალის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ტერმინალმა დაიწყო ევროპული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიერ წარმოებული JET A1 მარკის საავიაციო ნავთის დამუშავება, რითაც გააფართოვა გადასატვირთი ტვირთების ნომენკლატურა.
„საავიაციო ნავთის პირველი პარტია, 10 ათასი ტონის ოდენობით, ბათუმის ნავთობტერმინალში საზღვაო ტრანსპორტით, შავი ზღვის გავლით იქნა მიწოდებული. ამჟამად ტვირთი განთავსებულია ტერმინალში და ელოდება სარკინიგზო ვაგონ-ცისტერნების ჩამოსვლას ყაზახეთის რესპუბლიკაში შემდგომი გაგზავნისთვის.
საავიაციო ნავთი JET A1 წარმოადგენს სამოქალაქო ავიაციის საწვავის ერთ-ერთ ძირითად სახეობას, რომელიც უზრუნველყოფს საჰაერო ხომალდების საიმედო ექსპლუატაციასა და ავიაგადაყვანა-გადაზიდვების შეუფერხებელ განხორციელებას. ყაზახეთის რესპუბლიკის სტაბილურ უზრუნველყოფას საავიაციო საწვავით დიდი მნიშვნელობა აქვს სატრანსპორტო დარგის განვითარებისთვის, მობილობის გაზრდისა და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებისთვის.
საავიაციო ნავთის JET A1-ის გადატვირთვის განახლება აფართოებს ბათუმის ნავთობტერმინალის ლოგისტიკურ შესაძლებლობებს, ხელს უწყობს შუა დერეფნით გადაზიდვების განვითარებას, ზრდის საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვების მდგრადობას და ამტკიცებს სს „კაზტრანსოილის“ კომპანიათა ჯგუფის სატრანზიტო პოტენციალს.
ბათუმის ნავთობტერმინალი არის სპეციალიზებული ნავთობტერმინალი, რომელიც, საავიაციო ნავთის გარდა, უზრუნველყოფს ნედლი ნავთობის, მაზუთის, დიზელის საწვავის, საავტომობილო ბენზინის, სხვადასხვა მარკის ნავთის, გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირებისა და სხვა თხევადი ნავთობტვირთების გადატვირთვას. 2026 წლის პირველი ნახევრის შედეგებით, ბათუმის ნავთობტერმინალში თხევადი ნავთობტვირთების გადატვირთვის მოცულობამ დაახლოებით 725 ათასი ტონა შეადგინა“, – ნათქვამია ბათუმის ნავთობტერმინალის განცხადებაში.