18 ივლ 2026
ერთი საუკუნეა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი მაყურებელთან ერთად ქმნის ისტორიას. ამ ხანგრძლივი გზის კიდევ ერთი გაჩერება კი ბათუმია. თეატრი 100 წლის იუბილეს საიუბილეო გასტროლით აღნიშნავს. ზღვისპირა ქალაქში დასმა ექვსი სპექტაკლი ჩამოიტანა.
საიუბილეო გასტროლი თეატრისთვის მხოლოდ წარმოდგენების ჩვენება არ არის - ეს არის შეხვედრა მაყურებელთან, იმ ადამიანებთან, რომელთა ემოციებიც თეატრის ასწლიანი ისტორიის ნაწილია. ბათუმი კი ამ მოგზაურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაჩერებაა.
თეატრისთვის თითოეული ქალაქი ახალი სცენა და ახალი ისტორიაა. ბათუმი კი მსახიობებისთვის წლების განმავლობაში დაგროვილ ემოციებსა და მოგონებებს უკავშირდება. პირველი შეხვედრა ბათუმელ მაყურებელთან სპექტაკლით „უღრანი ტყის ყაჩაღები“ შედგა. დარბაზში ბავშვების სიხარული, სცენაზე კი ზღაპრის გმირები, მუსიკა და ცეკვა — ასე დაიწყო ასწლიანი თეატრის საიუბილეო მოგზაურობა ზღვისპირა ქალაქში.
თუ დღის პირველ ნახევარში სცენა ზღაპრის სამყაროს ეკუთვნოდა, საღამოს მაყურებელი უკვე მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ „ლამბალო და ყაშაში“ აღმოჩნდა. შეიცვალა განწყობა და სათქმელი - ბავშვური სამყაროდან თეატრმა მაყურებელი განსხვავებულ დრამატურგიულ სივრცეში გადაიყვანა.
მეორე დღეს საიუბილეო გასტროლი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე გაგრძელდა. ქართული ხალხური ზღაპრის მიხედვით შექმნილი წარმოდგენა პატარა და დიდ მაყურებელთან კიდევ ერთ ემოციურ შეხვედრად იქცა.
ბათუმში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის საიუბილეო გასტროლი გრძელდება. წინ კიდევ ერთი დღე, ორი სპექტაკლი და ახალი შეხვედრებია. ასი წლის ისტორიამაც ვერ შეცვალა მთავარი - სცენასა და მაყურებელს შორის კავშირი კვლავ ცოცხალია - ყოველ ახალ ქალაქში, ყოველ ახალ სცენაზე და ყოველ ახალ მაყურებელთან.