ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროცესში საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პორტის – როტერდამის გამოცდილებას იზიარებს

18 ივლ 2026

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროცესში საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პორტის – როტერდამის გამოცდილებას იზიარებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც შეძლებს დიდი ტონაჟის გემების მომსახურებას და გააძლიერებს საქართველოს შესაძლებლობას, გახდეს რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი.

ქართული დელეგაცია ადგილზე გაეცნო, როგორ მუშაობს როტერდამის პორტი, რომელიც „ლენდლორდის“ მოდელზეა დაფუძნებული. განხილვის მთავარი თემები იყო პორტის მართვის სისტემა, მულტიმოდალური ტერმინალების ოპერირება, საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ლოგისტიკის ინტეგრაცია, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც ტვირთების სწრაფ და ეფექტიან გადაადგილებას უზრუნველყოფს.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო საინჟინრო-საპროექტო კომპანია Royal Haskoning DHV-ის წარმომადგენლებთანაც. სწორედ ამ კომპანიის მიერ მომზადდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის დეტალური პროექტი, რომლის მიხედვითაც სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. მხარეებმა მიმდინარე სამუშაოები და პროექტის შემდეგი საინჟინრო ეტაპები განიხილეს.

(ჩვენი კომპანია ჩართული იყო ანაკლიის პორტის საზღვაო ნაწილის პროექტირებაში და ძალიან გვიხარია, რომ მშენებლობა უკვე დაიწყო, რადგან ეს საშუალებას გვაძლევს, ასევე განვიხილოთ პორტის განვითარების სამომავლო ნაბიჯები. ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის, საპორტო ინდუსტრიის განვითარებისა და საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ლოგისტიკური კავშირების დამყარებისთვის)

სამუშაო შეხვედრა შედგა ასევე Port of Rotterdam Consultants-თან, რომელიც ანაკლიის პორტის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მუშაობს. შეხვედრაზე იმსჯელეს ტერმინალების განლაგებაზე, მულტიმოდალური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სარკინიგზო და საპორტო სისტემების ინტეგრაციაზე, ტვირთნაკადების პროგნოზირებასა და ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული განვითარების ეტაპობრივ მოდელზე.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტში ჩართული საერთაშორისო პარტნიორები ამბობენ, რომ სამშენებლო სამუშაოების დაწყება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეტაპია და ქვეყნის ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარებას ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის.