18 ივლ 2026
გარდა ეკონომიკური დატვირთვისა ჩქაროსნულ გზებს აქვს მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც. ბუნებრივია გზები უფრო მეტად აახლოებს ერთმანეთთან დასახლებებს და ეს ყველაფერი ქმნის განვითარების უკეთეს პირობებს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის მე-3 მონაკვეთის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკურთან ერთად, ამ პროექტებს აქვს განსაკუთრებული სოციალური დატვირთვაც.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მუშაობდა ამ პროექტზე, მშენებლებს, ინჟინრებს, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებით მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპის საინვესტიციო ბანკს. დარწმუნებული ვარ, ეს გზა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს ჩვენს სტუმრებს, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პირადად მინისტრ რევაზ სოხაძეს, არა მხოლოდ იმისათვის, რომ წარმატებით მიიყვანა ეს პროექტი ბოლომდე, არამედ იმისათვის, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში გასწორდა ყველა ხარვეზი, რაც სამინისტროს მენეჯმენტში იყო დაფიქსირებული და ეს ცვლილებები, ეს რეფორმები, რაც განხორციელდა სამინისტროში, მომავალში უზრუნველყოფს პროექტების ხარისხიანობის თვალსაზრისით მთლიანად სამინისტროს მუშაობის გაუმჯობესებას და უზრუნველყოფს პროექტების სწრაფ ტემპში და ხარისხიანად შესრულებას. მინისტრს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამ ყველაფრისთვის. გილოცავთ დღევანდელ დღეს ამ ჩქაროსნული გზის გახსნას და მინდა წარმატებები გისურვოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარება, დაკავშირებადობის კუთხით ფუნქციის განვითარება და ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა ამ კუთხით განსაკუთრებულ როლს ასრულებს.
„ამ პროცესებს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ეკონომიკური თვალსაზრისითაც, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარება, დაკავშირებადობის კუთხით ჩვენი ფუნქციის განვითარება და ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა ამ კუთხით განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ეს ყველაფერი არის იმ საერთო გეგმის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია სატრანზიტო რესურსების განვითარებასთან. ჩვენ ასევე გვაქვს გეგმაში საერთაშორისო აეროპორტების შესაძლებლობების გაფართოება. რამდენიმე წელიწადში, 2031 წლისთვის ჩვენ გვექნება თბილისში სრულიად ახალის აერთაშორისო აეროპრტი, მანამდე მნიშვნელოვნად გაფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობები და მისი გამტარუნარიანობა, იგივე ეხება ბათუმის აეროპორტს“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მიმდინარეობს ასევე მუშაობა რკინიგზის და პორტების განვითარების მიმართულებით.
„ასევე ვმუშაობთ რკინიგზის განვითარების მიმართულებით. მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა რკინიგზაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში. დავასრულეთ რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესი, ასევე, გავხსენით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და ბევრი მიმართულებით ხორციელდება ცვლილებები, რაც საქართველოს რკინიგზის რესურსებს მნიშვნელოვნად გაზრდის. ასევე, აქტიურად წარიმართება პორტების განვითარების პროცესი, ანაკლიის პორტის მშენებლობა. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს ამ რამდენიმე წელიწადში“, - განაცხადა პრემიერმა.