17 ივლ 2026
ბათუმში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის 100 წლის საიუბილეო გასტროლი მიმდინარეობს.
საუკუნოვანი ისტორიის მქონე თეატრმა ბათუმელ მაყურებელთან პირველი შეხვედრა უკვე გამართა. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე დღეს პირველი სპექტაკლი „უღრანი ტყის ყაჩაღები“ გაიმართა.
ზღაპრული ისტორიის გმირებმა სხვადასხვა ასაკის მაყურებელი გააერთიანეს. საიუბილეო პროგრამის ფარგლებში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი ბათუმში ორ თეატრალურ სივრცეში წარდგება : ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენასა და ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე. გასტროლის პროგრამა ექვს სპექტაკლს აერთიანებს და მოიცავს, როგორც საბავშვო წარმოდგენებს, ისე მოზარდებისა და უფროსი აუდიტორიისთვის განკუთვნილ დადგმებს.
საიუბილეო გასტროლი დღეს საღამოსაც გაგრძელდება. 20:00 საათზე ბათუმის დრამატული თეატრის დიდ სცენაზე მაყურებლის წინაშე სპექტაკლი „ლამბალო და ყაშა“ წარდგება. პროგრამა 19 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.