თურქმენეთის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში დასრულებულია

17 ივლ 2026

თურქმენეთის დელეგაციის ვიზიტი, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა, საქართველოში დასრულებულია. სერდარ ბერდიმუჰამედოვი პრემიერ-მინისტრმა გააცილა.

ორი დღის განმავლობაში არაერთი უმაღლესი დონის შეხვედრა გაიმართა როგორც პირისპირ, ასევე, გაფართოებულ ფორმატებში. სტუმარს დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. პირისპირ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქმენეთს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას.

ერთ-ერთი მთავარი თემა იყო შუა დერეფანი და ის პოტენციალი, რაც ქვეყნებს ამ მიმართულებით გააჩნიათ. გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრებიც მონაწილეობდნენ, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის განვითარება ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, ინვესტიციების, ტურიზმისა და ეკონომიკურ-საფინანსო შეთანხმებათა გაუმჯობესების მიმართულებებით.

თურქმენეთისა და საქართველოს პირველმა პირებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, გარდა ამისა, შესაბამის უწყებებს შორის ფინანსურ, ეკონომიკურ და სატრანსპორტო, ასევე ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.