ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის საიუბილეო გასტროლი ბათუმში

17 ივლ 2026

ბათუმში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის 100 წლის საიუბილეო გასტროლი დაიწყო. საუკუნოვანი ისტორიის მქონე თეატრი ზღვისპირა ქალაქში ექვს სპექტაკლს გამართავს.

პირველი წარმოდგენა  ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე ამ წუთებში მიმდინარეობს. მაყურებელი „უღრანი ტყის ყაჩაღებს“ ადევნებს თვალს.

საიუბილეო პროგრამის ფარგლებში, ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრი ბათუმში ორ თეატრალურ სივრცეში წარსდგება — დრამატული თეატრის დიდ სცენასა და ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში.

გასტროლის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება როგორც საბავშვო სპექტაკლები, ისე მოზარდებისა და უფროსი აუდიტორიისთვის განკუთვნილი დადგმები. დღეს საღამოს, 20 საათზე, მაყურებლის წინაშე სპექტაკლი „ლამბალო და ყაშა“ წარდგება.

ცნობისთვის, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი 100 წლის იუბილეს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილი ღონისძიებებით აღნიშნავს.  ბათუმში საიუბილეო პროგრამა 19 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.