შუა აზია საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონია, ამ კონტექსტში ჩვენ თურქმენეთს განვიხილავთ როგორც საიმედო პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს - პრემიერი

17 ივლ 2026

შუა აზია საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონია. ამ კონტექსტში ჩვენ თურქმენეთს განვიხილავთ როგორც საიმედო პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობები ეფუძნება მრავალწლიან მეგობრობას და ურთიერთპატივისცემას, რაც შემდგომი თანამშრომლობისთვის ძალიან მყარ საფუძველს ქმნის.

"მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვმასპინძლობ თურქმენეთის პრეზიდენტს, მის აღმატებულებას, ბატონ სერდარ ბერდიმუხამედოვს. აღსანიშნავია, რომ ეს თურქმენეთის პრეზიდენტის მეორე სახელმწიფო ვიზიტია საქართველოში. პირველი ასეთი ვიზიტი 2015 წელს შედგა, როდესაც ჩვენს ქვეყანას ბატონი გურბანგული ბერდიმუხამედოვი სტუმრობდა.

დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში. ჩვენ დღეს ხელი მოვაწერეთ  ერთობლივ განცხადებას, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს და ურთიერთგაგების მემორანდუმებს, ეს დოკუმენტები ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ კავშირებს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს.

მქონდა ბატონ პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც ვისაუბრეთ საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების ძირითად მიმართულებებზე, ასევე განვიხილეთ რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.

შუა აზია საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონია. ამ კონტექსტში ჩვენ თურქმენეთს განვიხილავთ როგორც საიმედო პარტნიორსა და ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს. ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობები ეფუძნება მრავალწლიან მეგობრობას და ურთიერთპატივისცემას, რაც შემდგომი თანამშრომლობისთვის ძალიან მყარ საფუძველს ქმნის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს და ახალ იმპულსს შესძენს ორივე ქვეყნის ურთიერთობების განვითარებას.

„ჩვენს პარტნიორობას საფუძვლად უდევს ურთიერთპატივისცემა და ერთმანეთის მხარდაჭერა. მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება თურქმენეთის ხელისუფლების მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ მინდა, გავუსვა ხაზი ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესს, გავაღრმავოთ ურთიერთობები, პარტნიორობა, მეგობრობა თურქმენეთთან. ამ ურთიერთობას ჩვენ ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი თანამშრომლობის ყველა ასპექტს, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თანამშრომლობას, ასევე თანამშრომლობას განათლების, კულტურის და ყველა სხვა სფეროებში დარწმუნებული ვარ, ბატონი პრეზიდენტის ეს ვიზიტი განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს და ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში ვიზიტისთვის, დარწმუნებული ვარ, დღევანდელი შეხვედრები და მიღწეული შეთანხმებები უფრო მეტად გააძლიერებს საქართველო-თურქმენეთის მეგობრულ ურთიერთობებს ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.