16 ივლ 2026
ოზურგეთში, დაბა ანასეულში " გურიის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერან ფერმერთა კავშირის" მიერ, წლევანდელი თაფლის მოსავლის აღება-დაწურვის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიება აკადემიკოს ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკურ ცენტრში ჩატარდა.
ადგილობრივ ვეტერანთა მხარდასაჭერად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს- TIKA-ს შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში მეფუტკრეებისთვის პროექტი ხორციელდება. პროექტი, მეფუტკრეობის დარგში დასაქმებული გურული ვეტერანების ხელშეწყობას მოიცავს და ის, TIKA-ს მიერ, 2022 წელს, გურიის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერან-ფერმერთა ასოციაციის წევრთათვის სკების, თაფლის წარმოებისთვის საჭირო ინვენტარისა და მეფუტკრეთათვის სპეცტანსაცმლის გადაცემით დაიწყო.
დღეს გამართულ შეხვედრაზე პროექტის ხელმძღვანელებსა და მხარდამჭერებმა მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.