16 ივლ 2026
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და თურქმენეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, თბილისში საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი საქმიანი პარტნიორობების ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა.
ბიზნესფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა გახსნეს. მათ სიტყვით გამოსვლებში ხაზი გაუსვეს საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას, ორმხრივი ვაჭრობის ზრდისა და ბიზნესწრეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი ბიზნესშეხვედრები (B2B), რომლებშიც მონაწილეობდნენ საქართველოსა და თურქმენეთის ბიზნესსექტორის 250-მდე წარმომადგენელი. შეხვედრების დროს მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები, გამოცდილება გაცვალეს და იმსჯელეს ერთობლივი საინვესტიციო და კომერციული პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე.
ღონისძიებას თან ახლდა თურქმენული კომპანიების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო 100-მდე კომპანია. გამოფენამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა გაცნობოდნენ თურქმენეთის წარმოების, მრეწველობისა და ექსპორტზე ორიენტირებული სექტორების მრავალფეროვან პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.