ლაშა დარსალიამ მდგრადი განვითარების შესახებ გაეროს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის (HLPF) მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

15 ივლ 2026

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალიამ მდგრადი განვითარების შესახებ გაეროს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის (HLPF) მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

უწყების ცნობით, ლაშა დარსალიამ ისაუბრა გლობალური თანამშრომლობისა და ეფექტური მულტილატერალიზმის როლზე მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის კუთხით; მიმოიხილა 2030 წლის დღის წესრიგის იმპლემენტაციის პროცესში, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული პროგრესი. ასევე, ხაზი გაუსვა, 2026 წელს, საქართველოში გამართული, გაეროს საჯარო მმართველობის ფორუმის მნიშვნელობას.

"მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის შედეგებზე და იქ არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ გარემოზე.

 

14 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ არაფორმალურ მინისტერიალში. ლაშა დარსალია სიტყვით გამოვიდა დისკუსიაზე “მულტილატერალიზმის მომავალთან შესაბამისობის უზრუნველყოფა". მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა გაეროს რეფორმის მნიშვნელობაზე, ასევე, ისაუბრა მულტილატერალიზმის როლზე კონფლიქტების პრევენციის, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების კონტექსტში.

 

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეხვედრები გამართა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის პრეზიდენტთან, ხალილურ რაჰმანთან და გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწესთან ახლო აღმოსავლეთის, ევროპის, ამერიკის, აზიისა და ოკეანეთის საკითხებში, მოჰამედ ხალედ ხიარისთან. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს, ასამბლეის კონტექსტში, საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები; ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შედეგები, გაეროში საქართველოს რეზოლუციები და კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.