ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა - ირაკლი კობახიძე

14 ივლ 2026

სამწუხაროდ, ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება, ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დოკუმენტის განხილვასაც კი არ აქვს აზრი, რადგან ის მთლიანად სიცრუითა და ცილისწამებით არის გაჯერებული.

„თქვენ იცით, რომ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც საერთოდ აზრი არ აქვს დისკუსიას, არის მარტივი პოლიტიკური დაკვეთები და ამ შემთხვევაში უკვე ეუთო აღმოჩნდა ასეთი დაკვეთის შემსრულებელი. აბსოლუტურად ტყუილებზეა აგებული მთელი ეს დოკუმენტი, რომელიც დაამტკიცა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ. ეს იყო ჯო უილსონის ინიციატივა, რომელიც დამტკიცდა ასამბლეის სხდომაზე. ეს დოკუმენტი გვაძლევს თვითონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში არსებულ მდგომარეობაზე დასკვნების გამოტანის საშუალებას. სამწუხაროდ, ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება. ეს არ არის, რა თქმა უნდა, სწორი და სამართლიანი მიდგომა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის განცხადებით, ევროპულმა ბიუროკრატიამ დაამკვიდრა სიცრუის სრულიად ახალი სტანდარტი, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა. ამასთან აღნიშნა, რომ ეუთოს ბოლო რეზოლუციაც ევროპული ბიუროკრატიის მიერ დადგენილი სტანდარტის კიდევ ერთი გამოხატულებაა.

"სწორედ ეს პრობლემები ქმნის საბოლოო ჯამში მრავალი ტიპის გართულებას ევროპაში, როგორც იდენტობის კუთხით – თქვენ იცით რა მძიმე ტენდენციებია ევროპაში იდენტობის შენარჩუნების კუთხით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ევროპაში არის ძალიან მძიმე ტენდენციები და სწორედ ასეთი არასწორი მიდგომების, მათ შორის უსამართლობის, ორმაგი სტანდარტების შედეგია ის უარყოფითი ტენდენციები, რომელსაც ვხედავთ ჩვენ ევროპის მასშტაბით", - აღნიშნა პრემიერმა.