ბათუმში საფუძველი ჩაეყარა საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ ,,ბეთლემის” მშენებლობას

14 ივლ 2026

ბათუმში საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ახალი შენობის საძირკველი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ აკურთხა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

მეუფე დიმიტრის განცხადებით, ამ მასშტაბური პროექტის განხორციელება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მრავალწლიანი ოცნება იყო.

11 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაგეგმილი კომპლექსი მრავალფუნქციური იქნება. აქ განთავსდება 100 ხანდაზმულზე გათვლილი დღის ცენტრი და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 150 ბავშვისთვის, სადაც ინკლუზიური სწავლების ჯგუფიც იფუნქციონირებს. გარდა ამისა, ცენტრი უზრუნველყოფს 24-საათიან მომსახურებას 150 ხანდაზმულისთვის კერძოდ, „ბეთლემში“ გადავლენ წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანის ბენეფიციარები, რომელიც ბათუმში უკვე 31 წელია ფუნქციონირებს. ახალი კომპლექსის ტერიტორიაზე წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძარიც აშენდება.

პროექტის სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „გუმბათი“ შეასრულებს. წინასწარი ინფორმაციით, მშენებლობა ორ წელიწადში დასრულდება.