ბათუმელი კარატისტები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ამერიკელ კარატისტებთან ერთად ემზადებიან

14 ივლ 2026

ბათუმში პენსილვანიის შტატ ქალაქ ფილადელფიის კარატეს კლუბი phily karate club-ის გუნდი იმყოფება, რომლის წევრებმაც ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე სპორტულ კარატეში „ბათუმი ოუფენზე“ იასპარეზეს და წარმატებითაც. კლუბი ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე ათი წელია ფუნქციონირებს და ამერიკელების გარდა ქართველ ემიგრანტ ბავშვებსაც ავარჯიშებს.

კლუბის დამფუძნებლები გიორგი ელიზბარაშვილი და მამუკა გელაძე არიან. მათთან ერთად სპორტსმენებს ბათუმელი ლევან თევდორაძეც ავარჯიშებს.

კლუბის სპორტსმენების უმეტესობა საერთაშორისო ტურნირების და ამერიკის ჩემპიონატის ჩემპიონები და პრიზიორები არიან. სტუმართა გუნდმა საქართველოს კარატეს გაერთიანებული ეროვნული ფედერაციის მიწვევით ერთობლივი ვარჯიშები და სემინარები გამართა. 

საქართველოს კარატეს გაერთიანებული ფედერაციის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 22-26 ივლისს რუმინეთში გაიმართება. 

საქართველო მსოფლიო პირველობაზე რვა სპორტსმენით - ექვსი ვაჟით და ორი გოგონათი იქნება წარმოდგენილი.