13 ივლ 2026
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და მიმდინარე მსხვილი სტრატეგიული პროექტები განიხილეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების ახალ მოდელს. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, როლანდ პრაისთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო, სადაც დეტალურად განიხილეს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის პოტენციური ჩართულობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შემდგომი განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაზაში.
„დღეს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა მსოფლიო ბანკის რეგიონულ ხელმძღვანელობასთან, რის ფარგლებშიც ვისაუბრეთ მსოფლიო ბანკის პოტენციურ ჩართულობაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შემდგომი განვითარების მნიშვნელოვან ფაზაზე. სიღრმისეულად ვისაუბრეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განახლებულ მოდელზე, თუ რას ფიქრობს სახელმწიფო და როგორ აპირებს შემდგომში ანაკლიის პორტის განვითარებას. მოდელი პასუხობს იმ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ არაერთ ქვეყანაში უშუალოდ პორტის ოპერირებისა და განვითარების ფაზაზე“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.