13 ივლ 2026
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია არის ტიპური მაგალითი დეზინფორმაციული ნარატივების შექმნისა.
პაპუაშვილის თქმით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საერთოდ ხაზი გადაუსვა საერთაშორისო სამართალს.
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კვალდაკვალ, ახლა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჩართეს იგივე ძალებმა. ვხედავთ ხომ, ჯო უილსონი და სხვა ევროპელი ანტიქართველები არიან ჩართული ამგვარი ტექსტების შეთხზვაში, რომელიც არის პირდაპირი სიყალბე, დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებენ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სამწუხარო რეალობას, სადაც ჩვენ ვართ. საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი რომ მოირღვა, ამაში მარტო რუსეთის წვლილი არ არის. სწორედ ასეთი ასამბლეების წვლილიც არის. კერძოდ, ამ შემთხვევაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ხაზი გადაუსვა საერთოდ საერთაშორისო სამართალს, სამართლის ძირითად პრინციპებს და რუსეთის მსგავსად, იქცა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის ძირის გამომთხრელად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2024 წლის არჩევნების მეორე დღეს, ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე ზეწოლას ახდენდნენ ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიები, რათა მათ თავიანთი დასკვნა გაეყალბებინათ.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა საერთაშორისო გამოძიების დაწყება, რადგან ეს არის საერთაშორისო დანაშაული.
„ეუთოს სადამკვირვებლო მისიას რაც შეეხება, ჩვენ დადასტურებულად ვიცით, მათ შორის ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებისგან, რომ სხვადასხვა ფორმატში ამაზე ღიად ისაუბრეს, რომ 2024 წლის არჩევნების მეორე დღეს, როდესაც უნდა გამოექვეყნებინათ პირველადი ანგარიშები, იყო თათბირი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ეუთოს სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიები და იყო პირდაპირი ზეწოლა ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე, რომ მას გაეყალბებინა საკუთარი დასკვნები. ვფიქრობ, საჭიროა ფიქრი იმაზე, რომ მოიძებნოს მექანიზმი, რათა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება 2024 წელს ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე ზეწოლის თაობაზე, როდესაც ცდილობდნენ ეიძულებინათ მისია, რომ გაეყალბებინა საკუთარი ანგარიში. არ ვიცი რა მექანიზმი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ამაზე უნდა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება, ვინაიდან ეს გახლავთ საერთაშორისო სახის დანაშაული, როდესაც სხვა ქვეყნის არჩევნებში, სუვერენიტეტში ჩარევა ხდება და ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის მისიაზე ზეწოლა“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა იმაზე, მოიწვევს თუ არა საქართველო ეუთოს მისიას 2028 წლის არჩევნებზე დასაკვირვებლად.
„ფაქტია, რომ 2024 წელს იყო ზეწოლა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასა და სადამკვირვებლო მისიაზე, რათა მათ გაეყალბებინათ ანგარიში და ამ ზეწოლას იმ მომენტში შედეგი არ ჰქონდა. ჩვენ ახლა, როცა ვუყურებთ საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, გვიჩნდება კითხვა, რამდენად იქნება მომავალში ეუთოს სადამკვირვებლო მისია მდგრადი ამგვარი ზეწოლის წინააღმდეგ. ამიტომ, ჩვენ ამ რეზოლუციამ შეგვირყია რწმენა იმაში, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი მისია იქნება მტკიცე ზეწოლის წინაშე. ამიტომ ჯერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა დაარწმუნოს ხალხი, რომ ის ისევ გაუძლებს ევროსაბჭოს თუ სხვათა ზეწოლას, როგორც ამას გაუძლო 2024 წელს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 2028 წლისთვის აღადგინოს ქართველი ერის თვალში შერყეული ნდობა, რომ ხალხს სჯეროდეს, რომ გაუძლებენ ზეწოლას და არ გააყალბებენ ანგარიშს.