13 ივლ 2026
მასშტაბური სტიქია მოხდა თელავში. როგორც შედეგებმა და კვლევებმა აჩვენა, რამდენიმე საათში თელავში ნალექის ნორმის 85 პროცენტი მოვიდა, რაც თავისთავად აჩვენებს, რა მასშტაბის სტიქიასთან გვქონდა საქმე. ასეთი მასშტაბის სტიქია თელავში ბოლოს 55 წლის წინ მოხდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, სწორედ მაშინ მოეწყო ღვარცოფისგან დამცავი ნაგებობები, რომლებმაც, ფაქტობრივად, დიდი როლი შეასრულეს, რათა შედეგები კიდევ უფრო მძიმე არ ყოფილიყო.
„თქვენ ნახეთ, პირველადმა კვლევამ რა აჩვენა. ღვარცოფდამცავმა ნაგებობებმა შეაკავეს ხეების, მორებისა და ღორღის დიდი ნაწილი. თუმცა სტიქია იმდენად მასშტაბური იყო, რომ ღვარცოფმა გვერდი აუარა სამ ჯებირს, რომელიც ქალაქს იცავდა და დარჩენილი მასა ქალაქამდე ჩამოვიდა. სტიქიისა და მიყენებული ზიანის მასშტაბი საკმაოდ დიდია, თუმცა, მეორე მხრივ, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც მაშინვე ჩაერთო სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში. ძირითადი ზიანი, რომელიც ქალაქს მიადგა – გზებზე ჩამოტანილი ქვა-ღორღი – უკვე გაწმენდილია და სამუშაოები დასასრულს უახლოვდება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც, მისივე თქმით, მაშინვე ჩაერთო თელავში სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში.
„ასევე მადლობა მინდა გადავუხადო მოხალისეებს. განსაკუთრებული მადლობა კახეთის ყველა მუნიციპალიტეტსა და საკრებულოს, რომლებიც ჩამოვიდნენ და მოხალისეებად მუშაობენ, რათა თელავს დაეხმარონ. ვხედავთ, რომ ძირითადი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. შემდეგ ეტაპზე დაიწყება ყველა იმ შენობის გაწმენდა, რომელიც დაზიანდა. ზარალი აღირიცხება და, შესაბამისად, სახელმწიფო მიიღებს შესაბამის ზომებს. ვერ გეტყვით, რომელ შენობაზე რა ნებართვა იყო გაცემული ან არ იყო გაცემული. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ყველა ამ საკითხს შეისწავლიან. თუმცა, ამას უშუალო კავშირი თავად სტიქიასთან არ აქვს. თავად ეს შენობებიც დაზიანდა, თუკი რაიმე უკანონო იყო. დასადგენია, იყო თუ არა რაიმე უკანონო მშენებლობა, ამ უკანონო მშენებლობის მიმართ ხომ არ იყო დაშვებული რაიმე ტოლერანტობა, რა კავშირი აქვს ამას უშუალოდ სტიქიასა და მის შედეგებთან. პრემიერს ამასთან დაკავშირებით საკმაოდ ღია და პირდაპირი პასუხი ჰქონდა. ყველა ეს საკითხი იქნება შესწავლილი და შესაბამისი პასუხიც გაიცემა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.