12 ივლ 2026
დაზიანებული ინფრასტრუქტურა, დანგრეული ხიდი, დატბორილი ქუჩები და საცხოვრებელი კორპუსები - თელავში სტიქიის შედეგეს ებრძვიან.
უხვი ნალექის შედეგად თელავის ხევი კალაპოტიდან გადმოვიდა და ცენტრალურ ქუჩებზე ქვა-ღორღი ჩაიტანა.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა კავკასიონის ქუჩაზე. დატბორვის საფრთხის გამო, რამდენიმე ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო. დაზიანდა გზები, გაზისა და ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემები, რის გამოც ადგილობრივების ნაწილი ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
გარკვეულ მონაკვეთებზე წყალმა ასფალტის საფარი წაიღო, რის გამოც ქალაქში გადაადგილება ნაწილობრივ ამ დრომდე შეზღუდულია. მოვარდნილმა ღვარცოფმა სავაჭრო სივრცეებიც დააზიანა. მუშაობს სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბი. ზარალი მასშტაბურია.
შესაბამისი სამსახურები დილიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. სალიკვიდაციო სამუშაოებში მძიმე ტექნიკაც ჩაერთო. სტიქიის ზონაში იმყოფებიან ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად მაქსიმალური მობილიზებაა.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ეტაპობრივად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე მუშაობენ, ითვლიან ზარალს.