სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები თელავში

12 ივლ 2026

თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს, ზარალს კი სპეციალური კომისია ითვლის. მხარის გუბერნატორი ამბობს, რომ სტიქიით გამოწვეული ზიანი მასშტაბურია და ვარაუდობს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი სტიქიის შედეგების აღმოფხვრას ვერ გასწვდება და ცენტრალური ხელისუფლების დახმარება გახდება საჭირო. ქალაქის ნაწილს, ამ დრომდე, არ მიეწოდება ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და სასმელი წყალი.

უხვი ნალექის შედეგად გვიან ღამით მდინარე თელავის ხევი ადიდდა. მოვარდნილი ღვარცოფი ქალაქის ქვედა ნაწილში მდებარე ხიდმა ვერ გაატარა, ქვა-ღორღით გავსებული კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ კავკასიონისა და ალაზნის ქუჩები დატბორა.

სტიქიის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების სარდაფები, მაღაზიები, აფთიაქები, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ყველა სახელმწიფო და კომერციული ობიექტი. მოსახლეობა ამბობს, რომ დატბორილია მათი კორპუსების სარდაფები, დაზიანებულია რამდენიმე ავტომანქანა. დილიდან მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და სპეციალური ტექნიკა.