11 ივლ 2026
ბექა ჭულუხაძე - პირი, რომელსაც 2025 წლის 7 ოქტომბერს წარუდგინეს ბრალი და რომელსაც ედავებიან, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში, ტყეში იარაღსა და საბრძოლო მასალას მალავდა 4 ოქტომბრის აქციის პარალელურად „დივერსიული აქტების“ ჩატარების მიზნით, ბრალს არ აღიარებს. დაკავებული გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვენილი.
4 ოქტომბრის დროს დივერსიული აქტების მოწყობაში ბრალდებული ჭულუხაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაში დააკავა. სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ უწყების თანამშრომლები ოპერაციას ბოლო 4 დღის განმავლობაში ამზადებდნენ. გამოძიება ახლა მუშაობს დაკავებული პირისა და მისთვის დანაშაულებრივი დავალებების მიმცემი პირების კონტაქტების დადგენაზე ბაჩანა ახალაიასთან, პაატა ბურჭულაძესთან და 2025 წლის 4 ოქტომბრის დანაშაულის ორგანიზებაში ჩართულ სხვა პირებთან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებას არ ენდობა და დამატებით მტკიცებულებებს ითხოვს ოპოზიციის ნაწილი.
4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები მმართველ გუნდს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობად აქვს შეფასებული. უმრავლესობაში ამბობენ, რომ მოქმედი ხელისუფლების შეცვლა გარე ძალების დავალებაა და ამისთვის სოლიდური თანხები იხარჯებოდა.
ბექა ჭულუხაძეს ბრალი გასული წლის 6 ოქტომბერს, დაუსწრებლად წარუდგინეს. 8 ოქტომბრიდან კი, მასზე ძებნა იყო გამოცხადებული.