11 ივლ 2026
თ, ივნისში წლიურმა ინფლაციამ 5.8% შეადგინა, ხოლო მაისთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.1%-ით მოიმატა. აღნიშნულ მონაცემებს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ანგარიშის თანახმად, ინფლაციის მთავარი მიზეზი მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში საწვავის ფასების მატებაა, რაც ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, ჰორმუზის სრუტეშიტრანსპორტირების შეფერხებას უკავშირდებოდა.
„ივნისის მდგომარეობით საწვავის ფასები კვლავ გაზრდილ დონეზე ნარჩუნდებოდა. თუმცა ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობის დეესკალაციის ფონზე ნავთობის ფასებს საერთაშორისო ბაზრებზე შემცირების ტენდენცია აქვს. საწვავის ფასების კლების ფონზე, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაციური წნეხის შემცირებაა მოსალოდნელი. რაც შეეხება შედარებით ხისტი ფასების საზომებს, საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყევ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, ივნისში 3.2% შეადგინა, ხოლო მომსახურების ინფლაცია 4.1%-ს გაუტოლდა“, – აღნიშნულია ცენტრალური ბანკის ანგარიშში.
სებ-ის ცნობით, ივნისში, გასულ თვესთან შედარებით, საწვავის ფასები ადგილობრივ ბაზარზე თითქმის უცვლელად შენარჩუნდა. ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა თვის ინფლაციაზე კარტოფილის 15%-ით გაძვირებას ჰქონდა, რამაც თვის ინფლაცია 0.11 პროცენტული პუნქტით გაზარდა. წინა თვესთან შედარებით ბინის ქირისა და თვითმფრინავით მგზავრობის ღირებულების მატება ინფლაციაზე ასევე ზრდის მიმართულებით მოქმედებდა. სეზონური ფაქტორების გამო, სურსათის ცალკეული პროდუქტები დისინფლაციური იყო.
„წლიურ ჭრილში ბენზინი და დიზელი შესაბამისად, 30% და 49%-ით გაძვირდა, ხოლო ჯამში საწვავის გავლენამ ინფლაციაზე 1.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ინფლაციის მატებაზე სურსათი კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, თუმცა მისი წვლილი წლის საწყის თვეებთან შედარებით შემცირებულია. ივნისში სურსათის ინფლაციამ 5.8%, ხოლო წვლილმა ინფლაციაში 1.8 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აქედან ყველაზე დიდი გავლენა პურს (0.5 პპ) და ძროხის ხორცს (0.5 პპ) ჰქონდა. სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია ელექტროენერგიის (0.5 პპ) და ჯანდაცვის (0.4 პპ) წვლილები. ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად საბაზო ეფექტის გამო კარტოფილის წლიური გაიაფება მოქმედებდა (-0.16 პპ). ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე დეფლაციური ტენედენცია გრძელდება. კერძოდ, საყოფაცხოვრებო ტექნიკის (ტელევიზორი, მაცივარი, სარეცხი მანქანა) ფასების კლებამ მთლიანი ინფლაცია 0.21 პპ-ით შეამცირა“, – წერია ანგარიშში.