11 ივლ 2026
ბათუმში ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმსა“ და მის მიმდებარე სივრცეში მოწყობილია ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტებისა და პარტნიორი ორგანიზაციების საინფორმაციო და საგამოფენო სტენდები. ადგილზე იმართება სხვადასხვა საგანმანათლებლო, კულტურული თუ გასართობი აქტივობები.
ღონისძიება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა. მან დამსწრე საზოგადოებას ევროპის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი უკვე 30 წელზე მეტია საქართველოს საიმედო პარტნიორია და მისი მხარდაჭერა ქვეყნის მიმართ უცვლელი რჩება. ამასთან, ელჩმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზეც და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის ევროპული გზა მომავალში კვლავ გაგრძელდება.
ევროპის დღის ღონისძიებები ბათუმში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, საღამოს კი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ კონცერტით დასრულდება.