11 ივლ 2026
4 ოქტომბრის საქმეზე ძებნილი პირი, რომლის დაკავების შესახებაც სუს-ში განაცხადეს, ბექა ჭულუხაძეა. ინფორმაციას სუს-ში ადასტურებენ. მას ბრალად ედება 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვა. როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ძებნილი პირი საქართველო-სომხეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს შორის, ნეიტრალურ ზონაში დააკავეს. ცნობისთვის, გასული წლის 4 ოქტომბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისის მახლობლად, ტყის მასივში, სპეციალურ სამალავში გადამალული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით აღმოაჩინეს.