შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი - კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე

11 ივლ 2026

თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნი, კახა კალაძე აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებების მიერ ჩატარებულმა ღონისძიებებმა სახელმწიფო გადატრიალების დანაშაული აღკვეთა.

კალაძე 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით მორიგი ბრალდებულის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

„შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან. ვიხილეთ რიგი პროცესები - როგორ იგეგმებოდა, რამდენიმე თვე კამპანია ჰქონდათ გაჩაღებული, ამბობდნენ, რომ რევოლუციისთვის ემზადებოდნენ. 4 ოქტომბერს მისი აღსრულება დაიწყეს. შესაბამისმა უწყებებმა გაატარეს პრევენციული ღონისძიებები. ვიხილეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრის კადრები, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფებმა აღკვეთეს აღნიშნული სისხლის სამართლის დანაშაული. ყველამ უნდა აგოს კანონის წინაშე პასუხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გარე ძალების დავალებაა მოქმედი ხელისუფლების გადაყენება და ქვეყნის ინტერესების სათავისოდ გამოყენება.

„წარმოუდგენელია, გარე ძალების ჩართულობით მუდმივად იყოს მცდელობა გადატრიალების, პოლარიზაციის გაღრმავების და ა.შ. ეს არის გარედან თავსმოხვეული, ამისთვის დიდი თანხები იხარჯებოდა. დღესაც არ ისვენებენ და ცდილობენ არსებული ხელისუფლება თავიანთი აგენტურით შეცვალონ. ვიცით, რისთვის სჭირდებათ ეს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები სათავსოდ გამოიყენონ“, - აღნიშნა კალაძემ.