აგენტურა, როდესაც ელისაშვილის ქმედებას აცხადებს არადანაშაულებრივად, ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიმართ მათი განწყობაა ტერორისტული - პრემიერი

10 ივლ 2026

აგენტურა როდესაც ელისაშვილის ქმედებას აცხადებს არადანაშაულებრივად, ნიშნავს, რომ მთლიანად სახელმწიფოს მიმართ მათი განწყობა და დამოკიდებულებაა ტერორისტული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა დაწყებული სამართლებრივი პროცესი ბოლომდეა მისაყვანი.

„მე ვიცი ის, რაც ყველამ იცით. ეს ადამიანი შევიდა კონკრეტულ სახელმწიფო შენობაში და სცადა მისი დაწვა. ეს არის უმძიმესი დანაშაული და კიდევ ერთხელ აჩვენებს აგენტურის სახეს. ისიც ხომ ერთ-ერთი წარმომადგენელია ამ კოლექტიური ძალის. ყველაფერი აჩვენებს აგენტურის სახეს. ეს ადამიანები, აგენტურა როდესაც ელისაშვილის ამ ქმედებას აცხადებენ არადანაშაულებრივ ქმედებად, ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიმართ ამ აგენტურის განწყობა, დამოკიდებულება არის ტერორისტული. ამას სჭირდება სათანადო, სამართლებრივი შეფასება. ბოლომდეა მისაყვანი ყველა ის სამართლებრივი პროცესი, რაც არის დაწყებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზეც გააკეთა კომენტარი. მისივე შეფასებით, აგენტურას სათანადო სამართლებრივი პასუხი სჭირდება და ამისთვის ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს.

„გამომდინარე იქიდან, რომ აგენტურა იბრძვის პირველობისთვის პატრონების წინაშე, ამ კონკურენციაში ისინი ვერ ახერხებენ იმ წარმატების შენარჩუნებასაც კი, რაც ჰქონდათ, თუნდაც წლების წინ. შესაბამისად, პროცესები ვითარდება სწორი მიმართულებით, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. მთავარია, ამ მოღალატეობრივ ძალას, მტრულ ძალას, ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს მიმართ მტრულად განწყობილ ძალას სათანადო პასუხი გაეცეს და ამისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ საზოგადოების პასუხი არჩევნებზე. ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი პასუხი. ეს არის აგენტურა, აგენტურას სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება, მათ საბოტაჟს სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება და ამისთვის ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს“, – აღნიშნა კობახიძემ.