ალეკო ელისაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

10 ივლ 2026

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში დაიწყება.  

დაცვის მხარე წარმოთქვამს დასკვნით სიტყვას, რის შემდეგაც, ბრალდებული ელისაშვილი საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს. აღნიშნულის შემდეგ მოსამართლე გიორგი გელაშვილი განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

სახელმწიფო ბრალდება  გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს, დაცვის მხარე კი, ელისაშვილისთვის წარდგენილ ბრალდებაში მის გამართლებას. ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.