10 ივლ 2026
''ოთიას დღეები'' ბათუმის დრამატულ თეატრში. სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრი ბათუმელი მაყურებლის წინაშე ოთარ ქათამაძის „ხანუმათი“ წარსდგა. რეჟისორი 9 ივლისს 43 წლის გახდებოდა, საღამო მის ხსოვნას მიეძღვნა.
თბილისის პირველი მაჭანკალი -„ხანუმა“, ავქსენტი ცაგარელის ცნობილი პერსონაჟი, ახმეტელის თეატრის სცენაზე ოთარ ქათამაძემ ორი წლის წინ დადგა.
რეჟისორმა თეატრის დასი და მაყურებელი მეცხრამეტე საუკუნის ჭრელ და მრავალფეროვან თბილისში ამოგზაურა. საღამო როგორც მსახიობებისთვის, ასევე მაყურებლებისთვისაც განსაკუთრებულად ემოციური იყო, სპექტაკლის ბოლოს კიდევ ერთხელ გაიხსენეს და პატივი მიაგეს გარდაცვლილ ახალგაზრდა რეჟისორს, რომელმაც თეატრალურ საზოგადოებაში განსაკუთრებული კვალი დატოვა.
ოთიას დღეები ბათუმის დრამატული თეატრის „დიდ სცენაზე“ სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
დღეს ახმეტელის თეატრის დასი მაყურებლის წინაშე "ანა ფრანკის დღიურით“ წარსდგება, რომლის რეჟისურაც, ასევე, ოთარ ქათამაძეს ეკუთვნის. ხვალ კი რეჟისორის პიესის „დაარქვი რაც გინდა“ პრემიერა გაიმართება.