სლოვენიაში ბლოგერისთვის ინტერნეტით გავრცელებული ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის შეფარდებული 6-თვიანი პატიმრობა კონვენციასთან თავსებადია - სტრასბურგის სასამართლო

09 ივლ 2026

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2026 წლის 7 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ სლოვენიის სასამართლოების მიერ ბლოგერისთვის ინტერნეტით გავრცელებული ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის 6-თვიანი პატიმრობის შეფარდებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი (გამოხატვის თავისუფლება) არ დარღვეულა.

საქმის მასალების მიხედვით, განმცხადებელმა 2010 წლიდან საკუთარ პერსონალურ ბლოგზე ორი ჟურნალისტის, V.V.-სა და Š.P.-ს მიმართ შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური პოსტების გამოქვეყნება დაიწყო. იგი ჟურნალისტების წინააღმდეგ ვულგარულ, დამამცირებელ და პირადი თუ ინტიმური ცხოვრების შესახებ გამონათქვამებს იყენებდა, რაც დეტალურად არის ასახული სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამის პარაგრაფებში. დაზარალებულებმა სასამართლო პროცესზე მიუთითეს, რომ აღნიშნულმა მათ ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენა. ეროვნული სასამართლოს მიერ გამოცემული დროებითი აკრძალვის მიუხედავად, მან პოსტების გამოქვეყნება გააგრძელა, რის გამოც ორჯერ დაეკისრა ჯარიმა 10,000 ევროს ოდენობით. განმცხადებელმა უარი თქვა ჯარიმების გადახდასა და ქმედების შეწყვეტაზე.

2013 წელს ლიუბლიანის საოლქო სასამართლომ განმცხადებელი დამნაშავედ ცნო შეურაცხყოფისა და ცილისწამების მუხლებით და სასჯელის სახით 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც ზემდგომმა ინსტანციებმა ძალაში დატოვეს. ბლოგერმა გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმის განხილვისას მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში აუცილებელი იყო ბალანსის დაცვა კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებასა და მე-8 მუხლით დაცულ პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას შორის.

ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში ყურადღება რამდენიმე გარემოებაზე გაამახვილა:

სადავო პოსტები არ უკავშირდებოდა საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებს და არ შეეხებოდა დაზარალებულთა პროფესიულ საქმიანობას, ხოლო თავად დაზარალებულები არ წარმოადგენდნენ საჯარო ფიგურებს.

ბლოგს 35,000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა, პოსტები შემდეგ სხვა მედიასაშუალებებმაც გაავრცელეს.

განმცხადებელმა უარი თქვა ჯარიმების გადახდასა და ქმედების შეწყვეტაზე, თავადაც განაცხადა, რომ წერას არ შეწყვეტდა, ხოლო სისხლის სამართლის საქმის განხილვის პერიოდშიც აგრძელებდა იმავე შინაარსის პოსტების გამოქვეყნებას, რის გამოც ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნულ სასამართლოებს ჰქონდათ საფუძველი დაესკვნათ, რომ სხვა სანქციები არ იქნებოდა ეფექტური.

სასამართლომ განმარტა, რომ ცილისწამების საქმეებში თავისუფლების აღკვეთა უნდა დარჩეს უკიდურეს და გამონაკლის ზომად, რომელიც კონვენციის მე-10 მუხლთან თავსებადია მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა ფუნდამენტური უფლებები სერიოზულად არის შელახული.

არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ კონკრეტულ საქმეში 6-თვიანი თავისუფლების აღკვეთა არ იყო გადაჭარბებული ან არაპროპორციული, რის გამოც დაადგინა, რომ კონვენციის მე-10 მუხლი არ დარღვეულა.

გადაწყვეტილების სრული ტექსტი გამოქვეყნებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე.