09 ივლ 2026
მესტიაში ქორწინების სახლის მშენებლობა იწყება. ახალი ქორწინების სახლი მესტიაში, რევაზ მარგიანის ქუჩაზე აშენდება, მშენებლობის დასრულების შემდეგ ქორწინების სახლში რევაზ მარგიანის სახლ-მუზეუმიც მოეწყობა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შენობისთვის სპეციალურად მომზადდა არქიტექტურული პროექტი, რომელიც სვანეთის ბუნებრივ გარემოსა და ტრადიციულ არქიტექტურულ სტილს ერწყმის.
უწყების ინფორმაციით, მესტიის ქორწინების სახლის არქიტექტურულმა კონცეფციამ გაიმარჯვა ორ პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსში. ტოკიოში გამართულ კონკურსზე პროექტმა გაიმარჯვა ნომინაციაში – „ქვეყნის ისტორიულ მოტივებზე შექმნილი საუკეთესო საკულტო არქიტექტურა“, ხოლო რომში გამარჯვებული გახდა ნომინაციაში – „კონცეპტუალური დიზაინი“.
პროექტის დაწყების აღსანიშნავად, მშენებლობის ადგილზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ, სამეგრელო ზემო-სვანეთის რწმუნებულმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიმბოლური კაფსულა ჩაუშვეს.
საქართველოში ამჟამად 6 ქორწინების სახლი და 29 ქორწინების სივრცე ფუნქციონირებს.