09 ივლ 2026
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, უწყებაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები „კომფორტის შექმნისკენ“ არის მიმართული. მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია დეზინფორმაციაა და რეალობას არ შეესაბამება.
უწყების განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარეობს, ვინაიდან ადმინისტრაციული შენობა გასული საუკუნის 1950-იან წლებშია აშენებული, მნიშვნელოვნად არის დაზიანებული და უსაფრთხოების მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალება „ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს შუახევის მერიაში სარემონტო სამუშაოები მიმართულია „კომფორტის შექმნისკენ“.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სარემონტო სამუშაოები ხორციელდება გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით, რამდენადაც გასული საუკუნის 1950-იან წლებში აშენებული შენობა მნიშვნელოვნად არის დაზიანებული და ვეღარ აკმაყოფილებს მათ შორის უსაფრთხოების მოთხოვნებს.
პროექტით გათვალისწინებულია სწორედ იმ სივრცეების რეაბილიტაცია, სადაც კონსტრუქციები, მათ შორის შენობის შიდა კედლები არამდგრადია და საფრთხეს უქმნის როგორც თანამშრომლებს, ისე მოქალაქეებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება სხდომათა დარბაზშიც, რომელიც ასევე ამორტიზებულია და არ შეესაბამება უსაფრთხოების ელემენტარულ მოთხოვნებს.
მუნიციპალიტეტის ვალდებულებაა, უზრუნველყოს გამართული და ფუნქციურად შესაბამისი სამუშაო გარემო როგორც თანამშრომლებისთვის, ისე იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად სარგებლობენ მერიის მომსახურებით.
საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ დაგეგმილი სამუშაოები მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ შენობის უსაფრთხოებისა და მდგრადობის უზრუნველყოფისკენ.
გარდა ამისა, სტატიაში გამოყენებულ ვიზუალზე (რენდერზე) დატანილი წარწერები შეიცავს ტექნიკურ უზუსტობებს და არ შეესაბამება პროექტის საბოლოო ვერსიას.
შესაბამისად, მოვუწოდებთ „ბათუმელებს“, თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი, მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ემსახურება", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.