საქართველოს რკინიგზამ 1 361 484 ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებელი

08 ივლ 2026

საქართველოს რკინიგზამ 1 361 484 ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებელია.

აღნიშნული, ერთი მხრივ, საქართველოს რკინიგზაში განხორციელებული ოპერაციული ოპტიმიზაციისა და პროცესების გაუმჯობესების, ხოლო მეორე მხრივ - საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის პირდაპირი შედეგია. 2025 წელს დასრულდა მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტი, ხოლო 2026 წლის ივნისში სრულ ექსპლუატაციაში შევიდა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი.

დაინიშნა რეგულარული ბლოკ-მატარებლები, რის შედეგადაც გადაზიდვების დრო ფოთი -ბათუმი-ბაქოს მიმართულებით 4.6-ჯერ, ხოლო ფოთი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით 6-ჯერ შემცირდა. აგრეთვე, პარტნიორ ქვეყნებთან წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად გაციფრულდა სერვისები და სასაზღვრო პროცედურების დრო 7.5-ჯერ შემცირდა. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ნაბიჯებისა, რომლებიც სარკინიგზო გადაზიდვების განვითარების, ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით ბოლო პერიოდში გადაიდგა და რამაც უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგი ტვირთნაკადების გაზრდის მხრივ.

დამატებით, საქართველოს რკინიგზის სავაგონო და სალოკომოტივო პარკის განახლებისთვის 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რაც უპრეცენდენტო მოვლენაა სარკინიგზო სექტორისთვის. კერძოდ, იგეგმება 50 ახალი ლოკომოტივის და 1 500 ვაგონის შეძენას, რის შედეგად განახევრდება გადაზიდვის დრო და გაორმაგდება რკინიგზის გამტარუნარიანობა.

ტვირთნაკადების ზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შუა დერეფანი სულ უფრო მეტად მკვიდრდება, როგორც საიმედო, სტაბილური და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო ალტერნატივა საერთაშორისო გადაზიდვებისთვის. აღნიშნულ კონტექსტში, საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი როლი გლობალურ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ქსელში.