02 ივლ 2026
დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო ტრადიციულმა, საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალმა "ბათუმის მერიის თასი"; რომელიც უკვე მეათედ ტარდება. ტურნირში 20 ქვეყნის 600-ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობს.
შეჯიბრება 8-12 წლის ასაკის, ასევე A; B და C კატეგორიებში ტარდება, სადაც ასაკი შეუზღუდავია. A კატეგორიაში "ფიდეს" მაღალი რეიტინგის მქონე მოჭადრაკეები, მათ შორის საერთაშორისო კლასის ოსტატები და დიდოსტატები იასპარეზებენ.
B და C კატეგორიები კი შერეულია და მასში მონაწილეობის მიღების უფლება ნებისმიერ მსურველს აქვს. საჭადრაკო ფესტივალი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად ტარდება და 10 ივლისს დასრულდება. 11 ივლისს კი შეჯიბრება ბლიცში, ე.წ. სწრაფ ჭადრაკში გაიმართება.
გაზრდილია ტურნირის საპრიზო ფონდი და საიუბილეო, მეათე წელს, 60 400 ლარს შეადგენს. საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ბათუმის მერიის თასი" ბათუმის საჭადრაკო კლუბ "ნონას" ორგანიზებით ტარდება.