02 ივლ 2026
ირანმა და შეერთებულმა შტატებმა დოჰაში ორდღიანი მოლაპარაკებები დაასრულეს. მოლაპარაკებებზე ორი კვირის წინ დროებითი შეთანხმების საკითხები განიხილეს. ორი ქვეყნის მომლაპარაკებლებმა ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლასა და ირანის გაყინული თანხების განბლოკვაზე იმსჯელეს, რაც თავდაპირველი შეთანხმების ორი კრიტიკული საკითხია.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, დოჰაში გამართულმა მოლაპარაკებებმა „პოზიტიური პროგრესი“ მოიტანა ივნისში ომის შეჩერების მემორანდუმთან დაკავშირებულ საკითხებში.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამერიკელმა და ირანელმა მომლაპარაკებლებმა ცალ-ცალკე შეხვედრები გამართეს კატარელ და პაკისტანელ შუამავლებთან.
ამ შეხვედრებს არ დასწრებიან ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და აშშ-ის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, რომლებიც რეგიონში მაღალი დონის მოლაპარაკებებისთვის იმყოფებოდნენ.