ჩინეთი კომუნისტური პარტიის 105-ე წლისთავს ზეიმობს

01 ივლ 2026

ჩინეთის მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ ცვალებად გარემოებებთან ერთად უნდა შეინარჩუნოს მიღწეული წარმატებები, განაცხადა პრეზიდენტმა სი ძინპინმა პარტიის  დაარსების 105-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

სიმ 40-წუთიან გამოსვლაში კონკრეტული შესაძლებლობები ან რისკები არ დაასახელა, თუმცა ანალიტიკოსების თქმით, ეკონომიკური ზრდის შენელება და დემოგრაფიული კლება მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკისთვის მთავარ გამოწვევებს წარმოადგენს. 

„ჩინეთის განვითარება ამჟამად ისეთ პერიოდშია, როდესაც სტრატეგიული შესაძლებლობები, რისკები და გამოწვევები თანაარსებობს და გაურკვეველი და არაპროგნოზირებადი ფაქტორები იზრდება“, - განაცხადა სი ძინპინმა, ჩინეთის ყველაზე გავლენიანმა ლიდერმა მაო ძედუნის შემდეგ. მან პარტიას შიდა და საერთაშორისო საკითხების გადასაჭრელად  უკეთესი კოორდინაციისკენ მოუწოდა.

1921 წელს ათობით ჩინელი რევოლუციონერის მიერ დაარსებული პარტია ამჟამად 100 მილიონზე მეტ წევრს, ანუ ჩინეთის მოსახლეობის 7.2%-ს ითვლის. დღეს მისი ამბიციაა, მსოფლიოს „უდიდესი პოლიტიკური პარტიიდან“ მსოფლიოს „ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ პარტიად“ გარდაიქმნას, - წერს ჩინური  საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“.    

2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სი ძინპინმა იმუშავა პარტიის უდავო ავტორიტეტის აღსადგენად ქვეყნის შიგნით, მოითხოვა ურყევი დისციპლინა მის რიგებში და გააფართოვა ჩინეთის გლობალური გავლენა. მან ჩინეთში მაოს დროიდან მოყოლებული  კორუფციის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბრძოლა დაიწყო, რომელსაც მილიონობით თანამდებობის პირის და მაღალი რანგის გენერლების კარიერა ემსხვერპლა.