დაჭრილ მებრძოლთა კვირეული ოფიციალურად გაიხსნა

01 ივლ 2026

თავდაცვის სამინისტრომ დაჭრილ მებრძოლთა დღე აღნიშნა. საიუბილეო ღონისძიება უწყების „არმიჰოლში“ ჩატარდა. დაჭრილ მებრძოლებს კვირეულის გახსნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მიულოცა. 

მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა, ქართველი სამხედროების წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, რის გამოც მათ საერთაშორისო პარტნიორების აღიარება დაიმსახურეს. ირაკლი ჩიქოვანმა დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის საქმეში საზოგადოების მონაწილეობაზე და, ამ კუთხით, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდთან“ თანამშრომლობაზე ისაუბრა. მან მოწვეულ სტუმრებს სამინისტროს სოციალური პოლიტიკის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებაც გააცნო. თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ დაჭრილ მებრძოლთა აქტიური ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა და სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაში მიღებული ჯილდოების ექსპოზიცია მოეწყო.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივნისი ოფიციალურად დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღედ არის გამოცხადებული. 

თარიღთან დაკავშირებით ტრადიციულად სპორტული და კულტურული კვირეული იმართება, რომლის მიზანია დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერა, მათი მიღწევების წარმოჩენა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.