სპორტის მინისტრმა ქალაქ ახალციხეში მდებარე სპორტულ ობიექტებს საჭირო სპორტული ინვენტარი და ეკიპირება გადასცა

01 ივლ 2026

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ქალაქ ახალციხეში მდებარე თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსსა და სპორტულ დარბაზს საჭირო სპორტული ინვენტარი და ეკიპირება გადასცა. ინვენტარი და ეკიპირება მწვრთნელებისა და სპორტსმენების საჭიროებების გათვალისწინებით შეირჩა.

მინისტრმა ახალციხეში ვიზიტის ფარგლებში მოინახულა მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალური სტადიონი და ადგილზე გაეცნო საკალათბურთო დარბაზის ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესს, ასევე დაესწრო შალვა ახალციხელის ხსენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს. 

მიმდინარე წლის თებერვალში შალვა გოგოლაძემ ქალაქ ახალციხეში მდებარე სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, ადგილობრივ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდა და მათი საჭიროებების შესახებ მოისმინა. 

ვიზიტის შემდეგ სპორტის სამინისტრომ ამ ობიექტებზე სპორტული პროცესის განვითარებისთვის აუცილებელი სპორტული ინვენტარი შეიძინა. ქალაქ ახალციხეში მდებარე თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი მოიცავს დიდ - 33x25 მეტრზე და მცირე - 16x7 მეტრიან საცურაო აუზებს. ძირითადი აუზი განკუთვნილია როგორც ცურვის, ისე წყალბურთისთვის; მცირე აუზით სარგებლობას კი მოზარდები და ბავშვები შეძლებენ. 

მრავალფუნქციური შენობა საცურაო აუზების გარდა, მოიცავს ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივისა და ჭიდაობის დარბაზებს, რაც როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური სპორტისთვის მრავალფეროვან შესაძლებლობას ქმნის. თითოეულ სივრცეს აქვს გასახდელები და საშხაპეები. ქალაქ ახალციხეში მდებარე სპორტულ დარბაზში კი განთავსებულია კარატეს, შერეული ორთაბრძოლებისა და კიკბოქსინგს დარბაზები.

სპორტის მინისტრი აგრძელებს მუნიციპალიტეტებში სპორტული ობიექტების დათვალიერებას. მიმდინარეობს საჭიროებების აღწერა და პარალელურად შესაბამისი ინვენტარის დარიგება, სპორტული ორგანიზაციები უახლოეს პერიოდში ყველა საჭირო ინვენტარსა და ეკიპირებას მიიღებენ.