შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა

30 ივნ 2026

საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეას მასპინძლობს. ფორუმის მთავარი თემაა: „ხელოვნური ინტელექტის როლი რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართულებით: ინოვაცია, დაკავშირებადობა და მდგრადი განვითარება შავი ზღვის რეგიონში“.

ფორუმში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების 100-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს. ისინი მოხსენებებს განიხილავენ და შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებენ. ამჟამად საქართველო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანაა. 

ღონისძიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად ორი წლის ვადით აირჩიეს.

როგორც ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის აქტიური მუშაობისა და საერთაშორისო ნდობის აღიარებაა.