30 ივნ 2026
გინესის და მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენმა ბაგრატ ჟღენტმა, გინესის მორიგი რეკორდი დაამყარა. ქართველი ათლეტი მსოფლიოს შვიდი და გინესის ერთი რეკორდის ავტორი უკვე იყო. მის ანგარიშზეა კბილებით 16 ტონიანი ტრაილერის, 47 ტონიანი მატარებლის ორი ვაგონის და 240 ტონიანი გემის გაწევა, ასევე სხვა არაერთი რეკორდი.
ამჯერად ბათუმელმა სპორტსმენმა 200 ტონიანი „ეშმაკის ბორბალი“ კბილებით დაძრა და დაატრიალა, მან ამ მდგომარეობაში 17 მეტრი გაიარა, რისთვისაც მას მხოლოდ 56 წამი დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ ბაგრატ ჟღენტს რეკორდის დამყარების მცდელობა რამდენიმე დღის წინათაც ჰქონდა, თუმცა რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა, ძლიერმა ქარმა მას ხელი შეუშალა.
ამჯერად კი ეს მოახერხა და გახდა მსოფლიოში პირველი ათლეტი, რომელმაც ამ რეკორდის დაფიქსირება შეძლო.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთი სპორტსმენია, რომელიც ანალოგიურ რეკორდს შეეჭიდა და „ეშმაკის ბორბალი“ დაატრიალა, ეს ამერიკელმა ათლეტმა მოახერხა. ქართველი ათლეტის რეკორდი კი უნიკალურია და მას მსოფლიოში ჯერ ანალოგი არა აქვს.
როგორც რეკორდსმენმა აღნიშნა, რეკორდის დამყარების გადაღებული ვიდეო გინესის რეკორდების მსოფლიო ორგანიზაციაში გადაიგზავნება და შესაბამის სერთიფიკატსაც მიიღებს.