ზურაბ პატარაძემ მთავრობის სხდომაზე რეგიონის განვითარების ძირითადი მიმართულებები და მიმდინარე პროექტები შეაჯამა

30 ივნ 2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, მთავრობის სხდომაზე რეგიონის განვითარების ძირითადი მიმართულებები და მიმდინარე პროექტები შეაჯამა.

მისი განცხადებით, ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, გასულ წელს აჭარამ 4 მილიონზე მეტ ტურისტს უმასპინძლა, ხოლო მაღალმთიან რეგიონში ვიზიტორთა ნაკადი 12%-ით გაიზარდა. მისივე ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ტერმინალის გაფართოების პროექტი მიმდინარეობს, რაც გაზრდილ მგზავრთნაკადს მოემსახურება.

სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში 20 მიმართულებით გზების მშენებლობა მიმდინარეობს. გრძელდება ხულო–ზარზმის გზის პროექტი, მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება და 39 სოფლის წყალმომარაგების სისტემების მოწყობა.

ზურაბ პატარაძემ ისაუბრა ბათუმისა და ქობულეთის ბულვარების რეაბილიტაციაზე, ახალი შადრევნებისა და ხიდის მოწყობაზე, ასევე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. დაგეგმილია ქედისა და ხელვაჩაურის სპორტული კომპლექსების მშენებლობა.

მთავრობის სხდომაზე ასევე განიხილეს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით მიმდინარე პროექტები. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სამი ახალი სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა მიმდინარეობს, პარალელურად კი გრძელდება ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა და „ოცნების ქალაქის“ პროექტის მეორე ეტაპის განხორციელება.

მთავრობის თავმჯდომარემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, გაგრძელდება ისტორიული შენობების რეაბილიტაცია, მათ შორის, ლაო ჯინჯაოს ისტორიული სახლის აღდგენის პროექტი.

მისივე განცხადებით, რეგიონში აქტიურად გრძელდება როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საინვესტიციო პროექტების განხორციელება, რაც ეკონომიკურ ზრდასა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.