30 ივნ 2026
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში ქორეოგრაფიული სპექტაკლი სახელწოდებით: „ბათუმი არა ქვეყნის კიდეა, ბათუმი ქვეყნის დასაწყისია“ გაიმართა. სპექტაკლი აერთიანებდა ქორეოგრაფიას, პანტომიმას, მუსიკას, ვიდეოარტსა და ვიზუალურ ხელოვნებას. ვიდეოკადრების, ფოტოსურათებისა და მხატვრული ნამუშევრების მეშვეობით მაყურებელმა ბათუმი წელიწადის ოთხივე სეზონში იხილა.
ბათუმზე შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებებისა და ლექსების ფონზე წარმოდგენილი იყო ქორეოგრაფიული კომპოზიციები. მაყურებელმა ამ ფორმით იხილა მეზღვაური ბიჭისა და გოგონას სიყვარულის ამბავი.
სპექტაკლში მონაწილეობდნენ მოწვეული შემსრულებლებიც. პროექტის ავტორი და დამდგმელი ქორეოგრაფი თამარ ბერიძეა. დამდგმელი რეჟისორები არიან გია დიასამიძე და მანანა ხელაია, ხოლო მუსიკალური პროგრამის ხელმძღვანელი — მამუკა ალაფიშვილი. ღონისძიება ბათუმის მერიის მიერ, კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ნაწილია.
წარმოდგენის პარალელურად მოეწყო ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნამუშევრების გამოფენა.