სამედიცინო დახმარების გუნდმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კლასიფიკაცია მიიღო

30 ივნ 2026

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კლასიფიკაცია მიიღო. კლასიფიკაციის მინიჭებას წინ უძღოდა საერთაშორისო ვერიფიკაციის პროცესი, რომელიც გუნდმა წარმატებით გაიარა.

აღნიშნული სტატუსი ადასტურებს, რომ გუნდი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და საგანგებო სიტუაციების დროს ეფექტიანი რეაგირებისთვის საჭირო შესაძლებლობებს ფლობს.

სერტიფიკატის მინიჭებას წინ უძღოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის EMT მიმართულების საერთაშორისო შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც სპეციალისტებმა გუნდის მზადყოფნა და ოპერატიული შესაძლებლობები შეაფასეს. 

ვიზიტის ფარგლებში თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე EMT-1-ის საველე სიმულაციური სწავლება გაიმართა.