ე.წ. სუროგაციის საქმეზე ბრალდებულებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

30 ივნ 2026

ე.წ. სუროგაციის საქმეზე ბრალდებულებს, შპს „ქინდერლი ჯორჯიას“ დამფუძნებლებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.  სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ბიოლოგიურ მშობლებსა და სუროგატ დედებს შორის შუამავალი კომპანია შპს „ქინდერლი ჯორჯია“ დააფუძნეს.

კომპანიის სახელით ბიოლოგიურ მშობლებთან ხელშეკრულებებს დებდნენ და ვალდებულებას იღებდნენ რომ სუროგატ დედებს მოიძიებდნენ და ექსტრაკორპორული განაყოფიერების გზით ბავშვის გაჩენას უზრუნველყოფდნენ.

აღნიშნული გზით ბრალდებულებმა ჩინეთის მოქალაქეებისგან მოიზიდეს დიდი ოდენობით თანხები და სუროგატი დედების სხვადასხვა ხარჯების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების დაფარვის ნაცვლად, ჯგუფურად მიითვისეს 2 მილიონ ლარზე მეტი თანხა.