ტურნირი ფეხურთში - იური ესებუასა და ნიკოლოზ სურგულაძის სახელობის ტურნირი ფეხბურთში

29 ივნ 2026

ბათუმის სპორტის სასახლის ორგანიზებით გაიმართა წარსულში ცნობილი ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელების იური ესებუასა და ნიკოლოზ სურგულაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ფეხბურთში ჭაბუკთა შორის.

შეჯიბრება 2017 წელს დაბადებულ სპორტსმენთა შორის ჩატარდა და მასში რვა გუნდი მონაწილეობდა: ფოთის „კოლხეთი“, თბილისის გლდანის აკადემია, „პორტუსი“ ბათუმი, „ვიზარდი“ ბათუმი, „გოლდენ ბოის“ ბათუმი, ბათუმის „დინამო“, ბათუმის „დინამო 2“ და ბათუმის სპორტის სასახლის გუნდი. მესამე ადგილისთვის ერთმანეთს თანაქალაქელი კლუბები „პორტუსი“ და „ვიზარდი“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, პენალტების სერიაში კი „პორტუსმა“ გაიმარჯვა და მესამე ადგილზე გავიდა.

ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ერთმანეთს ფოთის „კოლხეთი“ ბათუმის „გოლდენ ბოისს“ დაუპირისპირდა. მატჩი ბათუმელთა გამარჯვებით დასრულდა და ჩემპიონობაც „ოქროს ბიჭებმა“ იზეიმეს. ტურნირის ბოლოს გამვოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები: საუკეთესო მეკარე - იაკობ ფუტკარაძე, - ბათუმის სპორტის სასახლის გუნდი; საუკეთესო მცველი - აპოლონ სიჭინავა ფოთის „კოლხეთი“; საუკეთესო ნახევარმცველი - ნოდო ვარშალომიძე - „პორტუსი“; საუკეთესო თავდამსხმელი - ვაჩე ტყებუჩავა - „კოლხეთი; ბომბარდირი ალექსი ცეცხლაძე - „გოლდენ ბოისი“. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ „გოლდენ ბოისის“ ფეხბურთელი თომა გელაძე გასახელდა. ნომინაციებში გამარჯვებულებს თასებთან ერთად სპორტული მაღაზიის 200-ლარიანი ვაუჩერებიც გადაეცათ.

ტურნირს ბათუმისა და თბილისის „დინამოების“ ვეტერანი ფეხბურთელებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოვეს. გამარჯვებულთა დაჯილდოებაში მონაწილეობა მიიღო იური ესებუას ძმამ, ასევე ბათუმის „დინამო“ ყოფილმა ფეხბურთელმა თემურ ესებუამ.