29 ივნ 2026
ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას რუსთავის N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ექიმები - მაკა იოსელიანი, ანი ქავთარაძე სწავლობენ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება ადვოკატი შოთა თუთბერიძეც. აღნიშნული შეხვედრისა და მსჯავრდებულის გასინჯვის შემდეგ ისინი პენიტენციური სამსახურის დირექტორს, გიორგი პატარიძეს შეხვდებიან და გადაწყდება, გადაიყვანენ თუ არა ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში.
ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან დღეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები მივიდნენ. მათი თქმით, ელენე ხოშტარიას მდგომარეობა მძიმეა. ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ელენე ხოშტარიას უფასო სამედიცინო დახმარებას, როგორც ეს ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში ხდება და პენიტენციური სამსახური ისე იმოქმედებს, როგორც ექიმები გადაწყვეტენ.
საპარლამენტო ოპოზიცია კი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.