29 ივნ 2026
ძველ ბულვარში არსებული ბამბუკების ნაკრძალის განახლების მიზნით, დეკორატიული გარეგანათების მოწყობის პროექტი მიმდინარეობს. ინფორმაციას ბათუმის ბულვარი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში ბამბუკების კორომში თანამედროვე დიზაინის დეკორატიული სანათები დამონტაჟდება, რომლებიც არსებულ ლანდშაფტთან სრულ თანხვედრაში იქნება და გამწვანებულ სივრცეს ღამის საათებში განსაკუთრებულ იერს შესძენს.
ბამბუკების მწვანე ნაკრძალი ბულვარის ერთ-ერთი გამორჩეული სივრცეა. პროექტის დასრულების შემდეგ განახლებული ადგილი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ბაღის ვიზიტორებისთვის, როგორც დღის, ასევე საღამოს საათებში.
დეკორატიული განათების მოწყობა ხელს შეუწყობს ბათუმის ბულვარის ისტორიული სივრცის უკეთ წარმოჩენას და მისი ვიზუალური გარემოს გაუმჯობესებას.