„მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული პლატფორმა“ - ცენტრის გახსნა ბსუ-ში

28 ივნ 2026

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი - „მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული პლატფორმა“ გაიხსნა. ცენტრის მიზანი ახალგაზრდებისთვის კონფლიქტების, ისტორიული გამოცდილებისა და თანამედროვე საზოგადოებრივი პროცესების შესწავლისა და გააზრების ახალი საგანმანათლებლო სივრცის შექმნაა.

სამშვიდობო სწავლების ცენტრის საქმიანობა უნივერსიტეტის მრავალწლიან გამოცდილებას და კონფლიქტების შესწავლას დაეფუძნება. ცენტრის მიზანია, სტუდენტებსა და ახალგაზრდებს შესთავაზოს აკადემიური და პრაქტიკული შესაძლებლობები მშვიდობის მშენებლობის, კონფლიქტების ანალიზის, დიალოგისა და შერიგების მიმართულებით.

ცენტრმა ხელი უნდა შეუწყოს აფხაზური ენის, კულტურისა და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას, ასევე მხარი დაუჭიროს მშვიდობის მშენებლობისა და შერიგებისკენ მიმართულ ახალგაზრდულ პროექტებს.

ღონისძიების ფარგლებში, უნივერსიტეტის ფოიეში ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეების თემატური ნახატების გამოფენა მოეწყო, სააქტო დარბაზში კი უნივერსიტეტის შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი გაიმართა.