28 ივნ 2026
ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის, 85 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა. სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, იუბილესადმი მიძღვნილი საღამო „ნონა გაფრინდაშვილი - 85" რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართა.
ღონისძიებაზე მაყურებელმა მოჭადრაკის ცხოვრების გზა და გამარჯვებების ისტორია ნახა. საქართველოს და ქართული სპორტის განვითარების საქმეში შეტანილი შეუფასებელი წვლილისთვის ნონა გაფრინდაშვილს გადაეცა გიორგი ნიკოლაძის სახელობის სპორტის უმაღლესი ჯილდო.
სპორტსმენი გიორგი ნიკოლაძის სახელობის სპორტის უმაღლესი ჯილდოს პირველი მფლობელია. საიუბილეო საღამოზე წარმოადგინეს ნაწყვეტი რუსთაველის ეროვნული თეატრის სპექტაკლიდან „ვეფხისტყაოსანი“. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ნანი ბრეგვაძემ, ეკა მამალაძემ, ნატალია ქუთათელაძემ, ქართულმა ნაციონალურმა ბალეტმა „სუხიშვილები“, თეატრის და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ნონა გაფრინდაშვილი ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი, საჭადრაკო ოლიმპიადების თერთმეტგზის გამარჯვებული, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი და ხუთგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონია.
პირველი ქალი მოჭადრაკეა, რომელსაც მიენიჭა დიდოსტატის წოდება მამაკაცთა შორის. ის ასევე საერთაშორისო დიდოსტატია ქალთა შორის. ლეგენდარული სპორტსმენი 1982 წელს პირველი ქალი გახდა, რომელსაც საჭადრაკო „ოსკარი“ გადაეცა.